Thursday, April 7, 2011

რატომ თხოვდებიან მოზარდი გოგონები მშობლების ჯიბრით და რატომ ინგრევა საქართველოში ოჯახები მასობრივად ?
  ირაკლი ფოჩხიძე.
 
  90-იან წლებში საქართველოში 14-15 წლის ასაკში ქორწინება მასობრივ მოვლენად იქცა. დუხჭირი ცხოვრების პირობებში პატარა ასაკში ოჯახი ბევრმა შექმნა, რაც ხშირ შემთხვევაში კარგი შედეგით არ დასრულებულა. ნაადრევი ქორწინების მიზეზებსა და ამ მხრივ დღევანდელ ვითარებაზე ფსიქოლოგი ანა ჩანგაშვილი გვესაუბრება.
– ყველას კარგად გვახსოვს ავად სახსენებელი 90-იანი წლები – სწორედ ამ პერიოდში გასაჭირსა და უშუქობასთან ერთად, იყო ნაადრევი ქორწინებების ნამდვილი ბუმი. დასავლეთში საკმაოდ გვიან ქორწინდებიან და განქორწინებათა რიცხვიც დიდია. აღმოსავლეთში კი პირიქით ხდება. ჩვენ ამ ორს შორის რაღაც უხერხულად ვართ გაჩხერილები.
– აზიურ ქვეყნებში ოჯახის ინსტიტუტი და ოჯახური ღირებულებები უფრო მტკიცეა და მკაცრად დაცული, ვიდრე ევროპულში. აზიაში ოჯახი პატრიარქალურია, ევროპაში კი მას დიდ პატივს არ სცემენ. ჩვენში სოციალური გარემოს გაუმჯობესების, წინსვლის, მეტი ინფორმაციულობის კვალდაკვალ, ადრეულმა ქორწინებამ ნამდვილად იკლო, მაგრამ, ოჯახების რღვევის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სავალალოა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ადრეული ქორწინებების ხარჯზე. შესაძლოა, გვიან მოხდეს ქორწინება, მაგრამ წყვილმა „თავი ამოწუროს“ და დაშორდეს ერთმანეთს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განათლებას.
– რა არის ნაადრევი დაქორწინების ძირითადი მიზეზი? მოდი, ჯერ გოგონებზე ვისაუბროთ.
    -იცით, ეს ფართო, ვრცელი საუბრის თემაა. ფსიქოლოგიაში არ არის მიღებული რაიმე ერთი ზუსტი საზომით ყველა პრობლემის მიმართ მიდგომა, არ მიყვარს სტერეოტიპები – ეს ასე უნდა იყოს. ის ისე... ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, აქედან გამომდინარე, ცალკე კვლევისა და განხილვის საგანია თითოეული შემთხვევაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად მიღებული კლასიფიკაცია მაინც არსებობს თეორიაში. ძირითად გამომწვევად ორი მიზეზი ითვლება: ერთია ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ, როცა გოგონა მანამდე მისთვის უცნობ შეგრძნებებს ელტვის და ეძებს; ის ნებისმიერ მსუბუქ, ბავშვურ გატაცებასაც სიყვარულად მოიაზრებს. მეორე და უფრო რთული მიზეზი – ოჯახიდან გაქცევის, თავის დაღწევის სურვილია. თუ ოჯახში არ არის მოზარდისთვის კომფორტული გარემო, თუ დედ-მამა ხშირად ჩხუბობს, თუ მას სიყვარულის დეფიციტი აქვს, მეტიც, შესაძლოა, ხელით ეხებიან კიდეც, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ასეთ შემთხვევაში, ის მზადაა, პირველსავე შემხვედრს გაჰყვეს ცოლად, ოღონდ ოჯახს თავი დააღწიოს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამოდის. ზოგჯერ ქმარიც მოძალადეა, ან ოჯახი ინგრევა... მოკლედ, საქმე უფრო რთულად არის, ვიდრე ჩვენ ამ ინტერვიუში შეგვიძლია ვისაუბროთ, სამწუხაროდ, ამ ასაკში ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახი უდიდესი ტვირთია. ხშირია მშობლების ჯიბრით ქორწინებაც – ამით ისინი ქვეცნობიერ და, არცთუ იშვიათად, ცნობიერ პროტესტს გამოხატავენ. ვიცნობ რამდენიმე ძალიან კარგ გოგონას, რომლებიც 14-15 წლის ასაკში გათხოვდნენ, რომ გაჰქცეოდნენ უყურადღებობას, უსიყვარულობას, გაუცხოებულ ურთიერთობებს.
– განქორწინების შემთხვევაში რა ხდება, რა გზას ადგებიან მარტოხელა დედები?

                               სტატისტიკა და კვლევა

   ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში განქორწინებების რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.წინა, 2009 წლის 31 დეკემბრის სტატისტიკური მონაცემით, საქართველოში 4030 განქორწინების ფაქტი დაფიქსირდა. 2000 წელს ეს რიცხვი 1854– შეადგენდა.
2000 წლის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ყოველ 1000 კაცზე საქართველოში 0.4 განქორწინება ფიქსირდებოდა. 2009 წელს კი – 1000 კაცზე–0.9.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოფიაციალური სტატისტიკაა და განქორწინებების რეალური რიცხვი ბევრად დიდია.
დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი გიორგი წულაძე განმარტავს, რომ ერთმანეთისგან განირჩევა ორი ტერმინი – ,,განქორწინებულებიდა ,,განშორებულები”. განქორწინებულად შეიძლება ჩაითვალოს წყვილი, რომელმაც გაყრა იურიდიულად დააკანონა. ხოლო განშორებულად ითვლება წყვილი, რომელიც ცალ-ცალკე ცხოვრობს, თუმცა, მათი დაშორება იურიდიულად არსად არ არის დაფიქსირებული.
მისი თქმით, განშორებულთა რიცხვი ყოველთვის გაცილებით მაღალია განქორწინებულთა რიცხვზე. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული განშორებულთა რიცხვი, მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. მათ დიდ ნაწილს დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მაინც უწევს თავიანთი გაშორება ოფიციალურად გააფორმონ. შეიძლება, რომელიმე მეუღლე ხელახალ ქორწინებაში აპირებს შესვლას და ამისათვის ჯერ წინა ქორწინება უნდა გააუქმოს; ან ქონების გაყოფაზე და ბავშვებზე მზრუნველობის აღებაზეა დავა, ამისთვისაც საჭიროა წყვილის ოფიციალურად განქორწინება.
საქართველოს კანონმდებლობით, განქორწინებისას იგულისხმება, რომ ქორწინება თავიდან კანონის მოთხოვნათა საფუძველზე მოხდა, მაგრამ შემდეგ იგი მეუღლეთა ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყდა. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში კი - საჯარო რეესტრის დამოწმებით.
დემოგრაფი გიორგი წულაძე ამბობს, რომ განქორწინებების ოფიციალური მაჩვენებელი კატასტროფულად დიდი არც ყოფილა საქართველოში და მის გაზრდას, ჯერჯერობით, არც ვარაუდობენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში განქორწინების კოეფიციენტი საშუალოდ სამჯერ დაბალია, ხოლო დასავლეთ ევროპისა და ..-სთან შედარებით, კიდევ უფრო დაბალი.
  გიორგი წულაძე ამბობს, რომ განქორწინების მიზეზებზე პირისპირ საუბრებში ყოფილი მეუღლეები ყოფით ნიადაგზე წამოჭრილ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რის მიღმაც ნამდვილ მიზეზს ხშირად არ ასახელებენ. სასამართლო პროცესებზე ხშირია შემთხვევები, როცა წყვილი დავობს მხოლოდ ბავშვებისა და ქონების საკითხებზე. სხვა მიზეზები განქორწინების სასამართლო პროცესებზე თითქმის არ სახელდება. წულაძეს მიაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში განქორწინებისა და განშორების ძირეული მიზეზები სექსუალურ შეუთავსებლობაში უნდა ვეძებოთ.
თუ წყვილს სექსუალური პრობლემები აქვს, მაშინ მათთვის ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება უთანხმოების მიზეზი გახდეს. “ასევე, პროფესორი მნიშვნელოვან მიზეზებად ღალატს და ადრეული ასაკის ქორწინებებს ასახელებს. მისი თქმით, ნაადრევი ქორწინება ხშირად მთავრდება გაყრით, რადგან ამ ასაკში ოჯახის მნიშვნელობა საკმარისად გაცნობიერებული არა არის.
ფილოსოფოსი, ქალთა უფლებების დამცველი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საქართველოში კონკრეტულად განქორწინებების თემაზე არც ერთი ორგანიზაცია არ მუშაობს და არც რაიმე სპეციფიკური კვლევა ჩატარებულა მისი მიზეზების გამოსავლენად. ამიტომ განმარტავს, რომ მისი მოსაზრებები ეყრდნობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახის დაგეგმარების, ქალთა უფლებების დაცვის, ოჯახური ძალადობის მიმართულებით) მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც გარკვეულწილად კავშირში არიან განქორწინებებთან. მუშაობის პროცესში ტენდენციების გამოკვეთითა და ემპირული დაკვირვებების საფუძველზე, გაფრინდაშვილი ამბობს, რომ განქორწინებების მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, როგორც ახლგაზრდა, ისე საშუალო ასაკის წყვილებში - უმნიშვნელო განსხვავებით.
ისევე, როგორც დემოგრაფი გიორგი წულაძე, ლელა გაფრინდაშვილიც აღნიშნავს, რომ არაოფიციალურად გაყრილთა, ანუ განშორებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია. მისი თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ განქორწინება ოფიციალურად არაა გაფორმებული.

ქალთა საკითხებზე მუშაობის პროცესში ლელა გაფრინდაშვილმა დაადგინა, რომ ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ განქორწინების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. მისი თქმით, ქალებს ძალიან უჭირთ ძალადობაზე საუბარი და ხშირად სასამართლო პროცესზეც სულ სხვა საკითხზე მიმდინარეობს დავა და რეალური მიზეზი არ სახელდება. კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც ოჯახები ინგრევა, იგი ღალატს მიიჩნევს. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ქმარი იჩენს სხვა სექსუალურ პარტნიორს და ამის გამო ტოვებს ოჯახს. სექსუალურ შეუთავსებლობას განქორწინების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს გაფრინდაშვილიც. მისი თქმით, ოჯახური კონფლიქტები ხშირად სექსუალური ურთიერთობის ნიადაგზე წარმოიშვება. თუმცა, ამის დამტკიცებას ვერ დაიწყებს, კონკრეტული კვლევების არარსებობის გამო......